ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა

06 ივნისი 2022, 15:27 861 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

სამნიძე და ბერძენიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ხათუნა ​სამნიძის თქმით, მოქალაქეებმა თავდაპირველად პოლიტიკაზე საუბარი სთხოვეს, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დაიწყო აგრესიული საუბარი. ვეცადეთ გავრიდებოდით - ვუთხარი, რომ გვეჩქარება, მაგრამ არ გაჩერდნენ, დაგვედევნენ. მთავარი, რატომაც მათ დასჯას ვითხოვ, არის მუქარა - „ამ ქალაქში მარტო ვერ გაივლიო".ერთ-ერთ მათგანსა და დავით ბერძენიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, მე შუაშიც ჩავდექი. მეფეებს როგორ ახსენებთო, პატრულის არ გვეშინიაო - პოლიციის წინ მითხრა - ჩემს თავს რომ აჭერინებ, აწი ნახე რა მოგივიდესო", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ბერძენიშვილის თქმით თავდამსხმელებს მშვიდად საუბარი არ სურდათ და მიზანმიმართულად იქცეოდნენ. 

''მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი, ჯერ სხვა თემებით, რომ აი მე, დაზარალებული ვარ და გომურს რომ იცავთ, მეც დავკარგე თვალი მაგრამ ჩემზე რატომ არ ლაპარაკობთ. მე გამახსენდა, რომ 2009 წლის 6 მაისზე საუბრობს ბატონი ხომასურიძე, როგორც მითხრა მერე გვარი.

მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი და რაღაცეების გარკვევა და მერე თქვა, რომ აი ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, შენც აყევი, მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო", - ამბობს ბერძენიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში