შეჩერებული მშენებლობების პრობლემა

05 ივნისი 2022, 18:04 1126 ნახვა

ბათუმში შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულ მოქალაქეებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.  შეხვედრაზე ისაუბრეს დაუსრულებელ  და ჩაუბარებელ კორპუსების შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე.

დეველოპერებისგან მოტყუებული მოქალაქეები ფინანსური ზარალის ანაზღაურებას და კომპნიებისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ, ამბობენ რომ გასულ წლებში საცხოვრებელი ფართი იმ პირობით შეიძინეს, რომ მშენებლობა ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა ფინანსური ანგარიშსწორების შემდეგ დეველოპერები გაუჩინარდნენ და მობინადრეები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მიტოვებული ობიექტებით ახალი ინვესტორები არ ინტერესდებიან და მობინადრეების ნაწილს ფართები დაურეგისტრირებელი აქვთ, უფრო მეტიც მესაკუთრეების ქონება  უკანონოდ არაერთხელ გაიყიდა და ამ ეტაპზე ერთ ბინას რამდენიმე მეპატრონე ჰყავს. დაზარალებულების ნაწილი დავას სასამართლოში აგრძელებს.

ოჯახები დახმარებას ახლა უკვე ხელისუფლებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში რამდენიმე თვის წინ შეხვედრა გამართეს.

ორგანიზაცია დაზარალებულებს  შეჩერებული ობიექტების სანდო კომპანიაზე გადაფორმებას სთავაზობს. რის შემდეგაც ისინი დეველოპერებს პრობლემის მოგვარების მიზნით სხვადასხვა პაკეტს წარუდგენენ, რომლის მიზანიც დაუსრულებელი ობიექტების დასრულებაა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში