რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დასახლებული პუნქტების დაბომბვას. ხარკოვის ოლქში საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა 1, დაიჭრა 5-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია. საოკუპაციო ჯარი სამხედრო რაზმების მომარაგებასა და გადაჯგუფებას განაგრძობს ქალაქ იზიუმთან, სადაც დაძაბული ვითარებაა.
რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქის 14 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, აგრესორები უკრაინის ძარცვას აგრძელებენ, მარცვლეულის გარდა, მარიუპოლიდან ლითონის ნაწარმსაც იპარავენ. გვიან ღამით რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის რეგიონში ეროვნული გვარდიის საცხოვრებელზე, რის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი. საერთო ჯამში გუშინ ოკუპანტებმა რეგიონის მისამართით ისკანდერის ტიპის 3 რაკეტა გაისროლეს.
რაც შეეხება უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებას, მათი ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში ომის შედეგად უკვე 242 ბავშვია დაღუპული. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად, რუსული აგრესიის დაწყებიდან დაზიანდა 1 888 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 180 მთლიანად განადგურდა.
რუსული ძალები გაძლიერებულად უტევდნენ სევეროდონეცკს, რის გამოც ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაძლოა სევეროდონეცკიდან გავიდნენ, რათა თავიდან აირიდონ ალყაში მოხვედრა. აქვე დაამატა, რომ სევეროდონეცკი მოწყვეტილი არ არის და ბრძოლები გრძელდება ქალაქის მიდამოებში.
ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.