მოხსნეს თუ არა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამიდან - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, შტატებში სავარაუდოდ აღარ წავა. დიპლომატიური უწყება განმარტებას არ აკეთებს.
ფაქტს კი უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ფაქტი მართლაც დადასტურდება, ეს პრაქტიკულად სანქცია იქნება.
ხელისუფლებაში კი, წინასწარ პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა იმას ამბობენ, რომ ეს არ არის შეერთებული შტატებისთვის დამახასიათებელი ქცევა.
საუბარია პროგრამაზე, რომელსაც შტატების მთავრობა აფინანსებს და რომლის მიხედვითაც მოსამართლეებს შესაძლებლობა აქვთ, პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს.