საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე - "უკრაინისთვის". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო გმობს რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები კი განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ. საქართველომ კი გამოყო 7 მილიონი დოლარი და მთავრობის მეთაურის თქმით, კვლავ გააგრძელებს რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. როგოც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.