სააკაშვილს ხალხის ხარჯზე ცხოვრების სხვა ხარისხი ჰქონდა, ახლა სხვა აქვს და ამას განიცდის - კობახიძე

28 აპრილი 2022, 11:45 995 ნახვა

სააკაშვილს ხალხის ხარჯზე ცხოვრების სხვა ხარისხი ჰქონდა და ახლა, ბუნებრივია, ცხოვრების სხვა ხარისხი აქვს, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სააკაშვილი ამას განიცდის – ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  თუკი ვინმე ითხოვს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, ყველას მიზანია, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს. 

„ამ დასკვნაში იყო ერთი საინტერესო ფრაზა, რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესებულა მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვლის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფოს ხარჯზე ვერ უკვეთავს მაგალითად, კონკრეტულ კვების პროდუქტებს, ბევრი სხვა კუთხითაც. ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან მკაფიო. სააკაშვილმა უნდა მოიხადოს თავისი სასჯელი“, – აღნიშნა კობახიძემ.

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კითხვები აქვთ. 

''ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც IRI-ს კვლევას უტარებს, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის და მათი კომენტარებიდან ეს მკაფიოდ ჩანს. ოპოზიცია ყველა მიმართულებით რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამას ყველა ხედავს. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერია მოსახლეობის 50%. ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია ოპოზიცია ამ ფორმით დარჩეს საქართველოში. ვიდრე ოპოზიცია ამ აბსოლუტურად დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკურ სისტემას სათანადო განვითარება არ უწერია. „ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში