აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა

28 აპრილი 2022, 10:07 1095 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.

უწყებაში განმარტავენ, რომ კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა გასული წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს. 

აქტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე.

ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი