რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს- ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
„მარიუპოლში დასახლებული რაიონების დაბომბვა 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში რუსეთის მიერ გამოყენებული მიდგომის მსგავსია. ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი არც ქალაქებზე განახორციელებს დარტყმებს და არც უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლეს დაემუქრება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სარდლობა შეშფოთებული უნდა იყოს იმით, რამდენი დრო იხარჯება მარიუპოლის ასაღებად. მათი თქმით, უკრაინელების წინააღმდეგობამ რუსული ძალები მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა, რამაც შეანელა რუსეთის წინსვლა სხვა მიმართულებებით.
თავდაცვის უწყების განცხადებით, რუსეთის მხრიდან მარიუპოლის აღების მცდელობა ქალაქის მცხოვრებლებს ძვირად დაუჯდათ, განადგურდა ინფრასტრუქტურული რაიონები, ხოლო მოსახლეობამ სერიოზული ზარალი განიცადა.