დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

13 აპრილი 2022, 10:11 908 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ჯგუფურად ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისგან თავის არიდების მიზნით, 2019-2021 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთიდან საქართველოში ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით 325 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოიყვანეს, რომლებიც შემდგომში, ქვეყნიდან გაყვანის ნაცვლად, განბაჟების გარეშე დაშლილ და რეალიზებულ იქნა ნაწილებად, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამში 1 474 921.10 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2 და 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი