კომპანია “მეტრო სითის” ბრალდებებს ბიზნესმენი პასუხობს

11 აპრილი 2022, 11:09 5940 ნახვა

ბიზნესმენი ნოდარ საპირი კომპანია მეტროსითის წარმომადგენლის იმ განცხადებას პასუხობს, რომელშიც რაულ კახაძემ ბიზნესმენი კომპანიის მიტოვებასა და თანამშრომლების უმუშევრად დარჩენაში დაადანაშაულა.

კომპანია „დიბო ჯგუფის“ დირექტორი „მეტროსითის“ თაღლითობასა და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

ნოდარ საპირის ინფორმაციით, გასული წლის აპრილში მეტროსითისთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმში მდებარე მეტროსითის 12 ობიექტზე მართვის ექსკლუზიური უფლება მიიღო, თუმცა, მისი განცხადებით, კომპანიამ ყველა პირობა დაარღვია და ეს ობიექტები პოტენციურ კლიენტებს, კერძოდ, ჩინურ კომპანიებს თაღლითური გზით, „დიბო ჯგუფის“ მსგავსი სახელით მიაქირავა. „დიბო ჯგუფის“ დირექტორის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია, საქმე სასამართლოშია და დაყადაღებულია „მეტრო სითის“ ქონება.

ბიზნესმენს „მეტრო სითისთან“ 100 მილიონ დოლარზე აქვს პრეტენზია. რაც შეეხება 1500 თანამშრომელს, რომლებიც უმუშევრად დარჩა და აქციებს მართავს, ნოდარ საპირი ამბობს, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა  სასტუმროში „მეტროსიტის“ მიერ ჩინურ კომპანიებზე თაღლითურად გაქირავების შემდეგ დასაქმდნენ. ბიზნესმენის ბრალდებებს  „მეტროსითიში“ მოგვიანებით უპასუხებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში