აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.
კანონპროექტის განხილვისას გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.
ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდით დგომა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ადამ კიზინგერმა ასევე გაუსვა ხაზი საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და მათ ფონზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ, დღეს სიახლე არ გახლავთ; ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს, შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს. იმ ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას გააჩნდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა. დღეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც გამოიხატება მზარდ მხარდაჭერაში უსაფრთხოების მიმართულებით,“- განაცხადა ადამ კიზინგერმა.