გუშინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" და ჩვენ მომდევნო 3 წლის განმავლობაში შევძლებთ ახალი, თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისით ჩავანაცვლოთ 300-მდე ავარიული კორპუსი - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ეს პროგრამა შეეხება 3000-ზე მეტ ოჯახს, ბათუმის 10 000-ზე მეტს მცხოვრებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს შესაბამის დეველოპერულ სექტორთან და მთავრობის ადმინისტრაცია, უზრუნვლეყოფს ამ პროგრამის წარდგენას შესაბამისი, დაინტერესებული მხარეებისთვის.
პროგრამის ფარგლებში 150 მლნ ლარის თავდებობას შევთავაზებთ დეველოპერებს ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით.
ეს არის გაგრძელება პირველი ფაზის, გასულ წელს ჩვენ 80 მლნ. ლარი გამოვყავით ამ პროგრამის მიზნებისთვის. ეს ძირითადად მოხმარდება ახალი საცხოვრისის მშენებლობას, რომელსაც განახორციელებს ბათუმის მუნიციპალიტეტი"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.