G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსულ გაზში რუბლებს არ გადაიხდიან - უცხოური მედია

28 მარტი 2022, 17:06 643 ნახვა

G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ  რუსულ გაზში რუბლებს არ გადაიხდიან, როგორც კრემლს სურს. ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ გაბეკმა G7 ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებთან კონფერენციის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა. დადებული ხელშეკრულებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ... რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ კომპანიებს არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნები“, - თქვა გაბეკმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვმა განცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს უფასოდ მიაწოდოს ბუნებრივი აირი ევროპას, თუ ის არ დათანხმდება გაზის საფასურის რუბლებში გადახდას.

„ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ამის თქმა აბსოლუტური დარწმუნებით არის შესაძლებელი. ჩვენს სიტუაციაში ევროპული ქველმოქმედება ნაკლებად შესაძლებელია და არც მიზანშეწონილია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

გასულ კვირას პუტინმა თქვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ბუნებრივი აირის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსული ეროვნული ვალუტით ანგარიშწორება გამორიცხეს, რადგან კონტრაქტი ამას არ ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი