საია პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მოსაზრებებს წარუდგენს. ორგანიზაციის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტი თავისი არსით აუმჯობესებს სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების გამიჯვნის სტანდარტს, საია-ს აზრით, ეს ინიციატივა გაცილებით მეტ მსჯელობასა და დასაბუთებას მოითხოვს, ვიდრე ამას პროექტის ავტორები აკეთებენ.
„იმის მტკიცება, რომ ამ ცვლილებით კანონი კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში, კონსტიტუციის სადავო ჩანაწერისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არქონის პირობებში, ემსახურება საკითხის გარშემო ფართო დისკურსის დასაწყისშივე ჩახშობას და წინასწარი განწყობის შექმნას იმ საკითხზე, რომელიც საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია.“ - წერია „საიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მხარდაჭერას, აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება დამატებით წინაღობას ქმნის თემის გარშემო.