უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმზე იქნება მიღებული - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საუბარი მოიცავს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებსაც.
ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პუტინთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისთვის არის მზად მოსკოვი.
„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ფორმატში ამ შეხვედრის გარეშე, რეალურად ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან ისინი მზად, რომ ომი შეაჩერონ და რისთვის არიან მზად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად არ ვართ ამა თუ იმ კომპრომისებზე წასასვლელად“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა იმის გარკვევა, საერთოდ სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება.