„მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. 3 ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ჩემი ინფორმაციით, ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აგვისტოს ომში და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი გადმოასვენონ საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს“, - ამის შესახებ პრემიერმა მარნეულში, ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე მიანიჭებენ თუ არა უკრაინაში გარდაცვლილ ქართველებს გმირის წოდებას, პრემიერმა უპასუხა რომ მსგავს საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ.
ღარიბაშვილმა მედიას მოუწოდა, რომ გარდაცვლილი ბიჭებით ნუ გააგრძელებენ სპეკულირებას.
"ეს არის ძალიან ცუდი საქციელი მეგობრებო, ეს იწვევს შუღლს. მოსახლეობას დაბნევას, დაძაბვას. არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით მანიპულირება საზოგადოების ემოციებსა და გრძნობებზე"-განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ გამოხატა სამძიმარი პრემიერმა 4 დღის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ის დღეს გამოჩნდა საზოგადოებასთან და როცა მიეცა საშუალება მაშინ გამოხატა საკუთარი პოზიცია.