მარიუპოლში, დრამატულ თეატრში მოწყობილი თავშესაფრიდან 130 ადამიანი გადაარჩინეს, მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ, – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ამ დროისთვის ვიცით, რომ 130 ადამიანია გაყვანილი, მაგრამ ჩვენი მონაცემებით, 1300-ზე მეტი ადამიანია ამ სარდაფებში, თავშესაფარში. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყველა მათგანი ცოცხალი იყოს, მაგრამ ამ დროისთვის მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - თქვა დენისოვამ.
მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომლის სარდაფსაც ასობით მცხოვრები აფარებდა თავს, 16 მარტს დაიბომბა.
მარიუპოლის თეატრის შენობის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - ბავშვები.
ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ პატარები აფარებდნენ თავს, თუმცა შენობა რუსი ჯარისკაცების სამიზნე მაინც გახდა.