ქობულეთში ''ალტ ინფოს'' ოფისის დახურვას ითხოვენ - აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა

14 მარტი 2022, 14:24 5393 ნახვა

ქობულეთში, "ალტ ინფოს", "კონსერვატიული მოძრაობის" პარტიის ოფისთან აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ოფისის გახსნას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პრორუსული ძალაა და მისი ადგილი ქობულეთში არ არის.

ადგილობრივებს ''ლელოსა'' და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც შეუერთდნენ.

''ეს არ არის პოლიტიკური ან პარტიული აქცია. ადამიანები თავისით შეიკრიბნენ. ''ალტ ინფოს'' პოლიტიკური ინტერესები ვიცით. რომელიც ღიად, აშკარად და ნათლად ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი არის მართალი მხარე. ამათ ლუსტრაციაც არ სჭირდებათ, ნათელია მათი პრორუსულობა, ისიც ნათელია, რომ პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. ისინი პუტინის ,,ხელის ბიჭები'' არიან და დეზინფორმაციით ცდილობენ ქართულ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ'' - განაცხადა ''ლელო საქართველოს'' ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბეგი ტაკიძემ. 

''ალტ ინფოს'' პარტიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

''ჩვენ ვართ ,,პროქართული'' მოძრაობა, რომელიც ომის აცილებას ცდილობს. ეს ხალხი რას აპროტესტებს არ ვიცი. როცა მეუბნები, რომ ,,პრორუსული'' ვარ შეურაცხყოფას მაყენებ. სხვა მისამართზე ხართ მოსული. მე ვამბობ, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს, ამიტომ ვარ პრორუსული ძალა? უკრაინაში მიმდინარე ომს ვგმობ და ვაღიარებ, რომ რუსეთმა დაიწყო. რაც უკრაინაში ხდება არ მინდა, რომ საქართველოში განმეორდეს. ორი ალტერნატივა გვაქვს, ან ომი ან დიალოგი და ჩვენ ვირჩევთ დიალოგს. არხები, რომლებიც აქ ხართ მოსული, რასაც გინდათ იმას ჭრით და კერავთ'' - განაცხადა ქობულეთში, ''ალტ ინფოს'' პარტიის ოფისის კოორდინატორმა ილია ბენიძე. 

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს დროშები, ასევე ბანერები წარწერით: ,,ალტ ინფო''-,,ხელის ბიჭები''. 

''ვარ პედაგოგი და სამი შვილის დედა. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა  თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ. არც ერთ პრორუსულ ორგანიზაციას არსად, ეს იქნება პატარა ქობულეთი თუ დიდი მეგაპოლისი, მხარს არ დავუჭერ. ყველგან უნდა დაიგმოს ეს ბოროტება'' - ამბობს პედაგოგი მაკა კიღურაძე. 

მოქალაქეებმა აღმაშენებლის  გამზირი გადაკეტეს და "ალტ ინფოს" ოფისამდე ფეხით მსვლელობა გამართეს.

შემთხვევის ადგილას ქობულეთის პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული და ,,ალტ ინფოს'' პარტიის ოფისის შესასვლელთან დგანან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შეკრება ყოველდღე გაიმართება, სანამ ქობულეთში პრორუსული პარტიის ოფისი არ დაიხურება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში