ომის მე-13 დღე. რუსეთმა უკრაინაში ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები დაბომბა. მარიუპოლში კი რუსმა სამხედროებმა ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. 300 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ევაკუაცია შეფერხდა სუმშიც, სადაც დაბომბვა მოხდა. მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროებმა შეუიარაღებელ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. დღეს, კიევში, ჩერნიგოვში, ვინიცასა და ხარკოვში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ირპინის კლინიკა და სამედიცინო ცენტრი. რუსი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას სახლების დატოვების საშუალებას არ აძლევენ. მედიკამენტების ნაწილი და შემოტანილი ჰუმანიტარული დახმარება ოკუპანტებმა მიიტაცეს. არ არის მობილური კომუნიკაცია, ელექტროენერგია, წყალი. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 801 კი დაშავდა.