''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კამპანიაა წამოწყებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კამპანია დისკრიმინაციისა და შოვინიზმის უხეში გამოვლინებაა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
''ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ. თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია'' - განაცხადა კობახიძმ.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.
ამგვარი მიდგომით კი საქართველო ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი.
''გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალული არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და ზოგადად, ქართველობის მიმართ და მათი კამპანიის უკან კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები დგას.
ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება'' - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში.
''სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს'' - განაცხადა კობახიძემ.