ამოიღეთ ხმა, თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე - ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

04 მარტი 2022, 14:47 736 ნახვა

რუსეთის ფედერაციამ ჩვენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი ჯარების აბსოლუტური უმრავლესობა შემოიყვანა და მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ქალაქებს ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ, მსგავსი არაადამიანური სისასტიკე არ ახსოვს.

"ჩერნიგოვი, ახტირკა, ხარკოვი, მარიუპოლი - მტერი მიზანმიმართულად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ანადგურებს ხალხს, დასახლებულ უბნებს. მხოლოდ გუშინდელ დღეს ჩერნიგოვში რუსულმა ბომბებმა 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხარკოვს უბრალოდ ანადგურებენ რეაქტიული არტილერიითა და ავიაიერიშებით. რუსეთი ანადგურებს ხარკოვს - როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო ? დღეს ჟიტომირში რაკეტა დაეცა სკოლის შენობას, ბავშვებს, ასეთი ხდება რეალობა, როდესაც მოდის რუსეთი,“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე შეფასებით, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმა უპრეცედენტო ტერორია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა ამოიღონ ხმა. 

"რუსო ხალხო, მინდა, მოგმართოთ, ნუთუ ეს შესაძლებელია? 1986 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული დამწვარი გრაფიტი, მსხვერპლი. თქვენ უნდა გახსოვდეთ განადგურებული ელექტროსადგურის თავზე ნათება. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონიდან. ნუთუ აღარ გახსოვთ? და თუ არ დაგავიწყდათ, მაშინ ამოიღეთ ხმა. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იგი მთელი ღამის განმავლობაში ესაუბრებოდა საერთაშორისო პარტნიორებს გლობალური რეაგირების აუცილებლობაზე. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ამ თავდასხმის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს იწვევს და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ 24-საათიანი ინციდენტებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უნდა აამუშაოს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი