ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება - ირაკლი ღარიბაშვილი

28 თებერვალი 2022, 12:35 1773 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დასავლეთისა და ამერიკის დაწესებული სანქციები ეფექტური არ არის. 

„დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი. უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვა, რომ  ვინ ომობს უკრაინაში? ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამ სიტუაციაში ემოცია, გაუთვლელი ნაბიჯები და სიტყვა რისკის შემცველია.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნარატივის მიუხედავად მთავრობა მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს.

,,ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ მე, როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრი, არაფერს გავაკეთებ, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგება. არაფერს! და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ. მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ, კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები; როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე პროვოკაციულად დაარქვა ზემო აფხაზეთი. ჩააბარა ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დევნილად აქცია.

კითხვას ვსვამ მეგობრებო, როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია, თითქმის, მთელი მოსახლეობა, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე, რომელიც ფულის გადმორიცხვას ვერ შეძლებს. ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არაა, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული და ხალხის ინტერესებისთვის'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი