„რიყის დოქების“ აუქციონის პირობებში ცვლილებებია - საწყისი ფასი 10 მილიონი ლარი იქნება 

21 თებერვალი 2022, 13:17 1034 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აუქციონის პირობებში ცვლილებები შევიდა და რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, მათ სურთ აღნიშნული ობიექტით მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გააჩინონ.

მისივე თქმით ე.წ. დოქებში ერთ-ერთი სივრცე, შესაძლოა, ქართული ღვინის მუზეუმსა და ღვინის თემატიკას დაეთმოს.

„წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს - მოლაპარაკებებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, მომართვის საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას,რომელიც საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად ეს ობიექტიც გაცოცხლდება.

განსაზღვრულია ტექნოლოგიური, სხვადასხვა საგამოფენო სივრცის, ასევე, „ღვინის მუზეუმის“ მოწყობა. ეს არის თემა, რომელზეც ხშირად საზოგადოებაში პოლემიკა იყო. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ, ყველაზე ღირებული, რაც კი შეიძლება მსოფლიოში იყოს, ეროვნულ მუზეუმია შენახული, მაგრამ ჩვენ ინტერაქტიური სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და ქართული ღვინის უნიკალურობას მნახველებს აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით, ვფიქრობ, აქ კიდევ არსებობს სივრცე.

აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. შემდგომში პირობა არის რომ მინიმუმ 20 მლნ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს. შესაბამისად, აუქციონში მონაწილემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს და მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, ჩვენ გვინდა სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი