შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევით, ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა

31 იანვარი 2022, 13:11 973 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში, პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა.

მათივე განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა საამფეთქებლო სამუშაოების შეჩერებისა და კონკრეტული უბნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. უწყება მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს. პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის ერთ პროცენტზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი