''ბათუმი'' ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ითამაშებს

18 იანვარი 2022, 21:43 1174 ნახვა

20-25 იანვარს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი გაიმართება.

ტურნირი ტრადიციულია და წელს იგი მე-17-ედ გათამაშდება. მემორიალი დედაქალაქში დაიწყება, სადაც ჯგუფური ეტაპის მატჩები და ნახევარფინალები ჩატარდება, ხოლო ფინალს, ტრადიციულად, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს.

მემორიალში სუპერლიგის ყველა – 11 გუნდი და ერთიც “ა” ლიგის წარმომადგენელი – “მგზავრები” იასპარეზებს.

მონაწილეები 4 ჯგუფში, სუპერლიგის მიმდინარე შედეგებით გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავა და მემორიალური თასის მოსაგებად ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.

მემორიალის მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისია”, რომელმაც 2021 წლის 24 იანვარს ფინალურ მატჩში “ვერა” დაამარცხა. ჯგუფური ეტაპის მატჩები (20, 21 და 22 იანვარი) და ნახევარფინალები (23 იანვარი) თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ნახევარფინალის საგზურებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

ფინალურ მატჩს ქუთაისის სპორტის სასახლე 25 იანვარს, 15:00 საათზე უმასპინძლებს. ჯგუფურ ეტაპზე ბათუმის საკალათბურთო კლუბი 2 შეხვედრას გამართავს.

21 იანვარს დღის 12:00 საათზე მგზავრებს დაუპირისპირდება. 22 იანვარს ისევ დღის 12:00 საათზე ოლიმპს შეხვდება. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში