უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა ქვეყნების საელჩოებიდან თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ შეტყობინება არ მიუღია. ამის შესახებ უწყების პრეს-მდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. ასე გამოეხმაურა ოფიციალური კიევი ნიუ-იორკ-თაიმსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსი დიპლომატები უკრაინის დასატოვებლად ემზადებიან.
ნიკოლენკო თავის მხრივ აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აპირებს უკრაინელი დიპლომატების რუსეთიდან ევაკუაციას. მისი თქმით, მოსკოვში საელჩო, სანკტ-პეტერბურგსა და დონის როსტოვში გენერალური საკონსულოები და ასევე ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირსკში საკონსულოები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, რომ კიევში რუსეთის საელჩო მუშაობას განაგრძობს.