თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში შეინიშნება შემთხვევების მატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია "ომიკრონის" შტამის ცირკულაციის დაწყებით.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემთხვევების უმეტესობა ახალგაზრდებში ფიქსირდება.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების მატება არ ფიქსირდება.
"ჰოსპიტალურ სექტორში რჩება 4431 პაციენტი, რეანიმაციაში 281, ამ ეტაპზე 4000-ზე მეტი საწოლი თავისუფალია. ვაქცინირებულ პირებში ჰოსტიპალიზაციის ნაწილი მინიმალურია. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. ბუსტერდოზა თითქმის აორმაგებს დაცვის მექანიზმს"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის" 1200-ზე მეტი შემთხვევა, აქედან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14 პაციენტს.
"საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ითვლება, რომ ცირკულაციაში ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, „ომიკრონია“. აქედან უმეტესობა თბილისშია. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. „ომიკრონით" ინფიცირებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო, „ბუსტერიც" გაკეთებული ჰქონდათ"- განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება.