ბათუმში 50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
                        
                        
                        
                        
                                                            16 დეკემბერი 2016,
                                00:00
                            
                        
                         2581 ნახვა
                                                            
                                        
                                    
                                        
                                        
                                
                            
                            
                            
                            
                                                                                                            
                                             
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            
                                                                    გაზის გათიშვასთან დაკავშირებით  აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, „16 დეკემბერს ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის ოფისის ინფორმაციით, ტექნიკურმა ჯგუფებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს და დაზიანებული მილსადენი სრულად აღადგინეს. ამჟამინდელი ინფორმაციით, გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს. დღის ბოლომდე აბონენტთა უმრავლესობას გაზის მიწოდება აღუდგება. სრული აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში დასრულდება. გაზის გათიშვამ საჯარო სკოლებში და ბაღებში შეფერხებები გამოიწვია. ბათუმში მხოლოდ 3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ბათუმში 24 საჯარო სკოლაში, ხოლო ხელვაჩაურში 7 საჯარო სკოლაშია დროებით შეწყვეტილი სწავლა. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა იმ სკოლებში, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მათ გააჩნიათ გათბობის ალტერნატიული წყარო, თუმცა ბავშვების გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ბაღში სასწავლო პროცესი დროებით  შეწყვეტილია. თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები“ - განცხადება აჭარის მთავრობამ გაავრცელა.