საქართველოში "ომიკრონის" შიდა გავრცელება დაიწყო - ამირან გამყრელიძე

05 იანვარი 2022, 19:16 1292 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე ფიქსირდება „ომიკრონის“ შიდა გადადება,  ასევე აღნიშნა, რომ დილის შემდეგ ინფორმაცია განახლდა და, ჯამში, საქართველოში „ომიკრონის“ 253 შემთხვევა არის დადასტურებული.

"დღეს დილის მონაცემებით დაფიქსირებული იყო „ომიკრონის“ 159 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს კვლევაში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ნიმუში როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიაში. იქიდან დაემატა კიდევ დღის განმავლობაში „ომიკრონის“ 94 დადებითი შემთხვევა. სულ ახლა გვაქვს „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა“ - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იწყება ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით, სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით" არის გამოწვეული.

"ძველით ახალი წლის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით“. ამიტომ გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, თავი შეიკავონ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, დაიცვან სანიტარული ნორმები და დისტანცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი