გიორგი ლორიასა და გიორგი არობელიძის საქმის არსებითი განხილვა 4 თებერვლისთვის გადაიდო

24 დეკემბერი 2021, 17:39 1168 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი ლორიასა და გიორგი არობელიძის საქმის არსებითი განხილვა 4 თებერვლისთვის გადაიდო.

პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე გამოკითხეს, ასევე წარმოადგინეს ვიდეომტკიცებულება. ბრალდების მხარე გიორგი ლორიას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და სასჯელის სახით 15 დღიან პატიმრობას ითხოვდა.

დაცვის მხარემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მათი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ადვოკატის თქმით, პროცესზე გამოჩნდა, რომ ჟურნალისტების მიერ სამართალდაღრვევის თაობაზე უწყებას უშუალოდ მტკიცებულებები არ აქვს.

"დღევანდელ პროცესზე ერთადერთი შესაძლებლობა, რაც გვქონდა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი მოწმის დაკითხვა, თუმცა პროცესზე გამოჩნდა, რომ რეალურად უწყებას არა აქვს უშუალოდ მტკიცებულებები მათ მიერ სამართალდარღვევის თაობაზე. მეორეს მხრივ ურთიერთწინააღმდეგი არის მათი პოზიციები და არ არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, როგორიც არის სამხრე ვიდეოკამერები და გარეკამერების ჩანაწერები.  ამის მიღმა გამოიკვეთა, რომ უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ პასუხები იმ შესაძლო მძიმე დარღვევებზე, რაც უშუალოდ პოლიციის განყოფილებაში მოხდა. პროცესი გადაიდო მომავალი წლის თებერვლისთვის", - აცხადებს ადვოკატი.

გიორგი არობელიძემ და რატი რატიანმა რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.  ისინი 17 დეკემბერს გვიან ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ჟურნალისტების თქმით, დაკავებამდე და დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მათზე და კიდევ ერთ მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. 

ჟურნალისტებმა სამართალდამცავების მხრიდან, შესაძლო, დანაშაულის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართეს. გამოძიება ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი