პოლიციის მეექვსე განყოფილებაში ფიზიკურად გაგვისწორდნენ - ბათუმელი ჟურნალისტები 

21 დეკემბერი 2021, 11:45 2622 ნახვა

გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ამბობენ, რომ ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ – ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა. დამატებით კომენტარს ჯერ-ჯერობით მედიასთან არ აკეთებენ.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არობელიძე ამბობს, რომ ინციდენტი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბართან დაიწყო, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

გიორგი არობელიძე და რატი რატიანი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე ადმინისტრაციული წესით მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. წერს, რომ დაკავებამდე და დაკავების შემდეგაც სამართალდამცავებმა მათზე და კიდევ ერ კაცზე ფიზიკურად იძალადეს.

მისივე თქმით, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან დაშინებასაც. რატი ტარიანის ინფორმაციით, მას დაზიანებები სხეულზე ეტყობოდა. ჩაუტარდა ექსპერტიზაც.

''ეს ბათუმის მეექსვე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ. გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად. ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა.

ბარში მყოფმა ხალხმა, აიი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო - ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში.

5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი ოეე რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით :დ ეს ვაბშე ვინააო ამდენს რო ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ.

გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს.

ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო'' - წერს გიორგი არობელიძე. 

 


ადმინისტრაციული წესით დაკავებულები შაბათს, 18 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა.

საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერს არის დანიშნული. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაიცავს.

ჟურნალისტებმა სამართალდამცავების მხრიდან, შესაძლო, დანაშაულის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე მიმართეს. ინსპექტორის სამსახურში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ გამოძიება ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი