"არჩილ შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი" - აქცია-პერფომანსი ბათუმის მერიასთან

08 დეკემბერი 2021, 12:24 1385 ნახვა

ბათუმის მერიასთან აქცია-პერფომანსი გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფის “არ გადადო”-ს წევრებმა თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან ბათუმში არსებული 15-მდე ავარიული სახლის ფოტო მიიტანეს და სიმბოლური გამოფენა მოაწყეს.

მათივე განცხადებით, ავარიული სახლებში 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

აქციის  მონაწილეების თქმით, ამ სახლებში ცხოვრება სახიფათოა, ამიტომ მერიისგან მათ შესწავლას და დასკვნის მომზადებას მოითხოვენ, საჭიროების შემთხვევაში კი შენობების რეაბილიტაციას.

"​ეს შენობები საცხოვრებლად უვარგისია, თუმცა რეაგირება მხოლოდ ერთხელ მოჰყვა, წინასაარჩევნოდ. მაშინ იქ მცხოვრებლებს შეხვდნენ, დაპირდნენ, რომ უსაფრთხო გარემოში გადაიყვანდნენ, თუმცა არჩევნების შემდეგ გაქრნენ. ამ სახიფათო თამაშს და ადამიანის სიცოცხლით მანიპულირებას გაეცემა პასუხი"-განაცხადა ,,არ გადადოს'' აქტივისტმა ნიაზ ჩიტიძემ.

 მერიაში მოსახლეობის ხელმოწერებით განცხადებებიც დატოვეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი მიზანია ბათუმში, ავრიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების ხმა მიაწვდინონ მერიას.

აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიიდან, საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას ელოდება, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში