ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ - სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 14:06 1393 ნახვა

უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის პუტინის ხელისუფლების პირადი პატიმარია. 

„ბევრი მოთხოვნა იყო, წინა ჩემს გამოსვლაში რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და მეტი სინანული. ვინც სინანულისკენ მომიწოდებდა, როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს დაახლოებით ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს.

რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადობასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე. ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე, და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიის ერთმანეთთან შეწონვა-აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, ფიქრი, იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი.

მაგრამ, დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს, ის არ მოყოლილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორუფციის დაძლევაზე „მსოფლიო ბანკის“ მიერ გამოცემულ წიგნში, მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, საქართველოზეა საუბარი.

სააკაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემის შეცვლის შემთხვევაში, ის მზად არის, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

"ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ მოითხოვოთ ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რაღა დავამტკიცო, ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში ჩავყავი თავი, მზად ვარ, წარვსდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, როცა იქნება თუნდაც ერთ, ორ ან სამ წელიწადში", - თქვა სააკაშვილმა პროცესზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი