სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქალაქო სასამართლოსთან, აქციისას შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო

30 ნოემბერი 2021, 17:41 794 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან შსს სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შესული შეტყობინებების საფუძველზე,  გამოძიება დაიწყო 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

​სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში