"ვადაგასულებო", "ახალარჩეული საკრებულო არ მინდა, ძველი მირჩევნია"- ამ ბანერებით აჭარის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულომ არ უნდა მიიღოს.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები „ქართული ოცნების“ წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს შენობის უკანა მხარეს გადმოინაცვლეს. ისინი დეპუტატებს შეძახილებით მოუწოდებენ, რომ ბიუჯეტი არ მიიღონ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
დღეს, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან.
ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა ბათუმის საკრებულოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს წინა მოწვევის საკრებულოს, სადაც მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც უმრავლესობის ინტერესებზეა მორგებული.