კაზინოებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება, Land Casino-ებს არ ვეხებით - გონიოს პროექტზე მუშაობა გრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი

24 ნოემბერი 2021, 00:15 1308 ნახვა

25 წლამდე ასაკის ვეღარავინ უნდა შევიდეს ამგვარ დაწესებულებებში, არსებულ ფიზიკურ კაზინოებსა და მათ შორის სლოტ-კლუბებში და ამის აღსრულებაზე კონტროლი მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით,ინიციატივა სამ კომპონენტს მოიცავს: ასაკობრივი ზღვარის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვას და ონლაინკაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას.

"​პირველი ეტაპი იქნება ის, რომ ჩვენ გავუზრდით გადასახადებს ონლაინკაზინოებს. 25 წლამდე უნდა ავწიოთ ბარიერი. 14-16 წლის ბავშვები არიან ჩართული ამ საშინელებაში. ჩვენ თაობებს ვღუპავთ და ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ მათ მშობლებთან ერთდ, ჩვენ დავკარგავთ თაობებს. იყო გვერდის ავლის მექანიზმები და ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს, გავამკაცრებთ რეგისტრაციას. რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის, ვინაიდან, ეს არის ძალიან დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს. როგორც არის ევროპაში, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ. ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის. ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან. მთავრობამ ამაზე თუ რეაგირება არ მოახდინა, ეს არის დანაშაული. ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. სამი კომპონენტია - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მხოლოდ ონლაინ კაზინოების აკრძალვას გეგმავს და აღნიშნული პროექტი Land Casino-ებს არ შეეხება, ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულში დაანონსებულ გონიოს პროექტზე მუშაობა გრძელდება.

"მე ზაფხულში დავაანონსე, რომ გონიოს პროექტს ვამუშავებთ აქტიურად და ამის შესახებ საზოგადოებას ძალიან მალე, რამდენიმე თვეში ვაცნობებთ. გონიოს პროექტი არის აბსოლუტურად სხვა. მე განვმარტე, რომ Land კაზინოებს არ ვეხებით, ეს ონლაინ კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2 და 3 ლარით ახალგაზრდა და, მით უმეტეს, სოციალურად დაუცველი ვერ შევა კაზინოში, ბუნებრივია და ეს პრობლემა არ არსებობს. მეორე, გონიოში ჩვენ ვგულისხმობთ და ჩემი იდეა არის, რომ გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის, ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს და მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი