სინანული ასწორებს ადამიანს, ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება - ილია მეორე

23 ნოემბერი 2021, 14:16 4985 ნახვა

საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება.

„ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან, ადამიანი არის მფარველობის ქვეშ.

თქვენ გახსოვთ სიტყვები უფლისა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?!“ – აი, წმინდა გიორგი იყო განსაცდელში. წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორისა. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით უყურებდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ, შეცვალა მათი დამოკიდებულება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს; განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან.

არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს; მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ.

მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება – ეს არის მონანიება ცოდვისა"- აღნიშნა ილია მეორემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში