''მწვანე სტატუსის'' მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ - კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი, ასევე ისარგებლონ აპლიკაციით - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის თქმით თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მწვანე სტატუსს ანიჭებს.
„ჩვენ მოვხსენით ვადები კოვიდ-ინფექციის გადატანის შემთხვევაში. 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. საქართველოში ,,მწვანე სტატუსი'' ენიჭება ადამიანს სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ვებგვერდი. ასევე იქნება მარტივი აპლიკაცია, რომელსაც ერქმევა covidpass, სადაც მოქალაქეები მარტივად შეძლებენ დამოწმებას. მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ - კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.