მთელი მთავრობა, სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის არჩეულ მერს, გიორგი ხარჩილავას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს. ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც არჩევნებში დამსახურებულად გაიმარჯვა. ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ.
რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, იმდენივეს გავაკეთებ წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.
საარჩევნო კამპანიის დროს, ჩემმა ნათქვამმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ დღეს მინდა, დავაზუსტო - რა თქმა უნდა ჩვენ, მთელი მთავრობა, სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
წალენჯიხაში არჩევნების მეორე ტურში ''ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატმა გაიმარჯვა.