მწვანე საშვის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, გარკვეული საკითხების დაზუსტების შემდეგ მივიღებთ - თამარ გაბუნია

04 ნოემბერი 2021, 12:14 1086 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს საკოორდინაციო საბჭომ განიხილა წინადადებები, მწვანე საშვის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თამარ გაბუნიას განმარტებით, კონსულტაციები ამ მიმართულებით გაგრძელდება, გარკვეული საკითხები დაზუსტდება და შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც გუშინ მწვანე პასპორტების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ფინანსური ზეგავლენის მხრივ, ბიზნეს აქტივობებზე ზემოქმედების კუთხით, გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო შეიკრიბება დამატებით"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, მწვანე საშვის კონცეფცია არის არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა რომელიმე ერთი პარამეტრის, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს. ეს არის: ვაქცინაცია, ანტიგენ ტესტირება, პსრ ტესტი ან გადატანილი ინფექცია.

"ბევრი ქვეყანა ამას იყენებს. ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა. მნიშვნელოვანია ყველა პირობა შეიქმნას იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები. ამან არ გამოიწვიოს გაყალბება სერთიფიკატის ნაწილში, გაყალბება და დარღვევა იმ წესების, რომელსაც თავად დავაწესებთ. ამდენად ვიდრე ბიზნესი მზაობას არ გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მომხმარებელი ვინც მასთან მივა, მწვანე საშვის გარეშე, ვერ მოხვდება იმ გარემოში, სადაც ეს აქტივობა ტარდება. ასევე არ იქნება შრომის ინსპექციის მხრიდან ზუსტად ის მექანიზმები და გარანტიები, რომ შესაფერისი აღსრულება მოხდეს, მანამდე ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. ამ გარანტიებზე მიდის მუშაობა და როგორც კი გვექნება საბოლოო სურათი ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი