აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია იმართება

02 ნოემბერი 2021, 17:31 1127 ნახვა

,,არა გაყალბებულ არჩევნებს,'' ,,თავისუფლება მიშას'' - ამ სლოგანით ბათუმში აქცია იმართება. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ბრძოლა იქნება მშვიდობიანი, მაგრამ უკომპრომისო. მათივე თქმით, დაშინების და მოსყიდვის მიუხედავად ''ქართულმა ოცნებამ'' ბათუმში არჩევნები წააგო. ამაზე კი გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობაც მეტყველებს. 

''გეგმა არის ძალიან მარტივი, ვინც იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ცვლილებებს და ასეთი არის ბათუმის მოსახლეობის 60%, არ უნდა გავუცრუოთ იმედები და უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ხმის დასაცავად. რუსეთი ასი წლის შემდეგაც ცდილობს საქართველოს ოკუპაციას, ოღონდ ამჯერად მე-11 საბჭოთა არმიის ნაცვლად, ეს საკუთარ თავზე ცესკომ აიღო. ჩვენ ამას არ გავატარებთ, არ გავატარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ''გადაგდებას'', არც კობახიძის უტიფარ განცხადებებს და კონსტიტუციურ ფარგლებში ვიბრძოლებთ თითოეული ხმისთვის'' - აცხადებს გენრი დოლიძე.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, ბრძოლა იწყება ბათუმიდან და გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. 

"სამწუხაროდ,  დღეს ბრძოლა ქუჩიდან გვიწევს, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სწრაფად შეიგნოს, რომ უმძიმეს პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა შესული. ეკონომიკა ჩავარდნილია, საქართველოს მოქალაქეს უჭირს. ამ ჩიხიდან გამოსვლის მთავარი გზა არის მშვიდობა და ამ მშვიდობის მისაღწევად სამართლიანობის დამყარება"- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

ბათუმში იმყოფება ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც აქციის დაწყების შმდეგ მოქალაქეებს მიმართავს.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.

არჩევნების მეორე ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნების'' კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა - 51.01% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის"  კანდიდატმა გიორგი კირთაძემ - 48,98%. 

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს არ აღიარებს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ და მხოლოდ წალენჯიხაში ''ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატმა გაიმარჯვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი