შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ 20-ე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ის შედეგები იციან, რაც ამ არჩევნებზეა მოსალოდნელი, სასწრაფოდ გამოაქვეყნეს კვლევები. Ipsos-ის კვლევების მონაცემების მიხედვით, კვლევა ჩატარდა 24-27 ოქტომბერს, იცით რომ 27-ში ჩვენ გვქონდა შემაჯამებელი შეკრება და როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ გადაეფარათ ეს თემა და უცებ შეთხზეს რიცხვები იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლების მოტივაცია მოეხდინათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს „მთვარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ცდილობს ეს ყველაფერი კომპანია Ipsos-ს გაადაბრალოს.
„სინამდილეში საქმე გახლავთ იმაში, რომ ეს არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული 2 კომპანიაა, არამედ ეს ხდება სისტემატურად იმ პერიოდიდან, რაც Ipsos-ი საქმიანობს საქართველოში და აწარმოებს წინასაარჩევნო კვლევებს „მთავარი“ არხისთვის. ეს გაყალბება სახეზე გვაქვს ყოველ ჯერზე. შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია „იფსოსთან“ დაკავშირებით პოზიციას ფეისბუქზე ავრცელებს. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, წყვეტს პარტნიორობას კომპანია „იფსოსთან“ და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს „მთავარი არხის“ სახელით.
ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „მთავარი არხი“ მოახდენს ყველა პარტნიორი ტელევიზიის, საერთაშორისო მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიგნით „იფსოსის“ მომსახურებით მოსარგებლე კერძო კომპანიების ინფორმირებას „იფსოსის“ არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერებისა და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს და სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია ,,მთავარი'' პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაციას იღებს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან.