ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ ვაჩვენოთ როგორია ქართველი ხალხის ძალა - კობახიძე

25 ოქტომბერი 2021, 14:11 1415 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ირაკლი კობახიძის თქმით, ოთხშაბათს დაგეგმილ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბება. 

''გასული დღეების განმავლობაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, მოვიარე მუნიციპალიტეტები, სადაც ტარდება მეორე ტურები. განწყობა არის საბრძოლო და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა კანდიდატებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვონ. 

ჩვენს მხარდამჭერებს მაქსიმალური ყურადღებისა და მობილიზაციისკენ მოვუწოდებთ, რათა ორი ოქტომბრის გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ.

გაცნობებთ, რომ ზეგ 17:00 საათზე გაიმართება, ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.

ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოო დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა 47%-მა, პრაქტიკულად ყველა მეორე ადამიანმა. რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და  გვაკისრებს პასუხიმგებლობას. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ 27 ოქტომბერს დაანონსებული აქცია ''ნაციონალური მოძრაობის'' აქციის საპირწონედ დაგეგმილი შეკრება არ არის. 

"არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას - მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ეს არის კონტრაქცია თუ რეალური აქცია" - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი