"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - აჭარის მთავრობა და მერია ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს

22 ოქტომბერი 2021, 11:33 2254 ნახვა

აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ერთობლივად ვიწყებთ ახალ პროგრამას "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე''. ეს იქნება ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შემდეგ წლებში - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ბათუმში 140-ზე მეტი კორპუსია ავარიული სტატუსის მქონე და დაახლოებით 1400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ავარიულ პირობებში.

მისივე განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობა  მომავალ წელს 20 მლნ ლარის ფარგლებში მოახდენს კონკრეტული მიზნობრივი დახმარების გაწევას მერიის მიმართ და დაიწყება ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების ეტაპობრივი დაკმაყოფილება.

"ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ერთის მხრივ, გავაუმჯობესოთ იქ მაცხოვრებელი ოჯახების მდგომარეობა და მეორეს მხრივ, ვიზრუნოთ ქალაქის იერსახეზე. რაც შეეხება ბიუჯეტის საბოლოო მოცულობას. 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაიხარჯება 80 მლნ ლარზე მეტი, უკვე დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მერიის და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით. ჩვენ შევთავაზებთ ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს საბინაო ფონდიდან კონკრეტულ, გარემონტებულ ბინებს და ამის პარალელურად დაიწყება ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და დასრულებული ჩაბარდება თითოეული საჭიროების მქონე ოჯახს.

ასევე ცოტა მოგვიანებით, კერძო სექტორს შევთავაზებთ კონკრეტულ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ბიზნესის და სამშენებლო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პრობლემის გადაჭრაში. ერთის მხრივ ეს მოიცავს, როგორც რეგულაციების კუთხით გარკვეულ სტიმულს, ასევე ფინანსურ თავდებობას, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული პროექტების სიცოცხლისუნარიანობას. კერძო სექტორიც ჩაერთვება ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებაში. საბოლოო ჯამში ჩვენი მზიანია 2025 წლამდე გადავწყვიტოთ ბათუმში 3 000-ზე მეტი ოჯახის პრობლემა, რომლებსაც სამწუხაროდ დღემდე უწევდათ ცხოვრება ავარიულ პირობებში'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი