ანასტასია შატალოვას ადვოკატის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთ ჩვენებაში ჰყვება, რომ ზურაბ ბერიძე მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. პაატა შავაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს ჩვენების ოქმის ასლი წარუდგინა. მისი თქმით, 5 ივლისს მიცემულ ჩვენებაში ანასტასია კონფლიქტის დეტალებს იხსენებს.
დოკუმენტში ვკითხულობთ: ''ზურაბ ბერიძეს ვთხოვე ავტოსკოლისთვის ფული მოეცა, რაზეც სასტიკი უარი მითხრა. დამემუქრა მაგ ფულით ''კილერს'' დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენს თავსო. ვთხოვე დამშვიდებულიყო და ბავშვის თანდასწრებით ნორმალურად მოქცეულიყო. ძიძამ ბავშვი თავის ოთახში გაიყვანა, მე საძინებელში წავედი. შემომყვა ზურაბ ბერიძე და დამიწყო გინება და ლანძღვა. დამემუქრა მოგკლავ, კისერს გამოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებო. შენს გვამს არხში ნახავენო...''
ადვოკატი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს აღნიშნული საქმის მასალებით დაინტერესდნენ.
უფლებადამცველის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც შემაკავებელი ორდერი გამოიცა ზურაბ ბერიძეს ანასტასია შატალოვასთან კონტაქტი არ ჰქონია.
''წელიწადზე მეტია მე მის ინტერესებს ვიცავ და არასოდეს მსმენია, რომ ვიღაცასთან მას რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონდა. თუმცა ის ინფორმაციაც მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ზურაბ ბერიძის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, კონკრეტული შეხება მას შატალოვასთან არ ჰქონია. ის ზრდიდა ბავშვს, სხვას ის არაფერს საქმიანობდა და სურვილი იყო წასულიყო სამშობლოში. ვარაუდი ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ვარაუდით რაღაც დასკვნებს ვერ გავაკეთებთ'' - ამბობს ადვოკატი.
ანასტასია შატალოვას ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი მამას მეურვეობა სურს და პროცედურებიც დაწყებულია. პაატა შავაძე შესაბამის ორგანოებს მიმართავს, სანამ ზურაბ ბერიძე ახალგაზრდა ქალსა და ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღონ.
"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბავშვის მამის მხარემ დაიწყო მოქმედებები, რომ მეურვეობა დაეკისროს მას. მე მივმართავ ოჯახის სახელით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. მოცემულ ეტაპზე, სანამ ბავშვის მამა არის ბრალდებული შატალოვასა და ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ბავშვზე მეურვეობა დაეკისროს მამას. გამორიცხულია ასეთი ბრალდების მქონე მშობელს მეურვეობა მისცენ'' - აცხადებს შავაძე.
ზურაბ ბერიძის ადვოკატი, ჯიმშერ არობელიძე ანასტასია შატალოვას ჩვენებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ჩვენების შინაარსი მას სჭირდებოდა, იმისთვის, რომ სასამართლოზე ბერიძის წინააღმდეგ გამოეყენებინა.
''აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხვა სამოქალაქო წარმოების საქმეები მიმდინარეობდა და სჭირდებოდა ეს, როგორც საბაბი, რომ ამ კონრეტულ საქმეში გამოეყენებინა. ასევე ჩვენს მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს არიან გამოკითხული მოწმეები, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ კომუნიკაცია აწ გარდაცვლილთან და აღნიშნული მოწმეებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ აღნიშნული ჩანაწერის არსებობა განპირობებული იყო ანასტასია შატალოვას ადვოკატის პოზიციიდან გამომდინარე"- განაცხადა ჯიმშერ არობელიძემ.
ახალგაზრდა ქალი, ორი დღის წინ, თბილისში მოკლეს. შსს-მ საქმეზე სამი პირი დააკავა, პროკურატურამ კი მათ დღეს ბრალდება წარუდგინა.