მშობლების წერილი მთავრობას. არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის“ ხელისუფლებას მიმართავს საბავშვო ბაღებისა და სკოლების გახსნის პარალელურად ეფექტურად მოხდეს covid-19-თან დაკავშირებული რისკების მართვა და მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.
მათი აზრით, მთავრობამ უნდა იზრუნოს ვაქცინაციის პოპულარიზაციაზე მშობელთა მიზნობრივ ჯგუფებში, ბაღებსა და სკოლებში შემუშავდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგის მექანიზმები, მათ შორის მშობლების მონაწილეობით, ასევე მათი აზრით, გამოწვევაა კლასებში მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირება, ამიტომაც მიაჩნიათ, რომ დასადგენია კონკრეტული პარამეტრი თუ რამდენი ბავშვი უნდა დაიშვას საკლასო სივრცეში ისე, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია.
“მშობლებისთვის ბუნდოვანია, რა მოტივით თქვა უარი ხელისუფლებამ დაწესებული კრიტერიუმების შესრულების აუცილებლობაზე. კერძოდ, დადებითობის მაჩვენებლის 4%-იან ზღვარზე, პედაგოგებში ვაქცინაციის 80%-იან ნიშნულ და დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებაზე რეგიონულ ჭრილში.
პროცესის გაუმჭვირვალობა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არათანმიმდევრულია“ - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.