26 მაისის ქუჩაზე, სადაც სახლი ჩამოინგრა, ბუნებრივი აირის მიწოდება 10:00 საათზე შეწყდა - სოკარი

08 ოქტომბერი 2021, 16:40 1167 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზის'' დირექტორის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მიწოდება დილით 10 საათზე შეწყდა. ვახტანგ ბეროშვილის ინფორმაციით, ეს იყო გეგმიური გათიშვა კლდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო. 

გაზის მიწოდება გრაფიკის მიხედვით, 16:00 საათზე უნდა აღედგინათ. 

შეზღუდვების შესახებ კი მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ. 

''სოკარ ჯორჯია გაზის'' დირექტორის ინფორმაციით, გათიშული იყო დაახლოებით 100 აბონენტი. 

ვახტანგ ბეროშვილი გამორიცხავს კორპუსის ნგრევა ბუნებრივი აირის აფეთქებას გამოეწვია. ამბობს, რომ შემთხვევის ადგილას იმყოფება და სიტუაციას სპეციალისტებთან ერთად ეცნობა. 

დღეს მოქალაქეები საუბრობდნენ, რომ ნგრევა შესაძლოა გაზის აფეთქებას უკავშირდებოდეს. ქეთი პაპავას  განცხადებით, მეზობლებმა ჩამონგრევამდე გაიგეს აფეთქების ხმა. 

"მე პირადად არ გამიგია, მაგრამ მეზობლებთან უშუალო კონტაქტზე ვარ და ზოგიერთი მეზობელი აფეთქების ძალამ შეაქანა კიდეც. ამაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მიზეზით, რაღაც აფეთქდა, სავარაუდოდ გაზი. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ გაზი ითიშებოდა და ყურადღებით ყოფილიყვნენ და ამ შეტყობინების შემდგომ მოხდა ეს შემთხვევა. გაზი კორპუსში გაითიშა 10-15 წუთით ადრე. ჯერ იყო აფეთქების ხმა და შემდეგ იყო ნგრევა" - განაცხადა ქეთი პაპავამ აჭარის მაუწყებელთან საუბრისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი