მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან - შალვა პაპუაშვილი

01 ოქტომბერი 2021, 14:42 763 ნახვა

მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში ბრიფინგის დაწყებისას. 

ამით ის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც ექსპრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ბათუმშია.

პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ „ისტორიული გამარჯვებიდან“ 9 წელი გავიდა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესვა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე.

„ამ არჩევნებზე ქვეყანა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით გადის. პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად:

- საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების ნაწილი გამრავალფეროვნდა და მასში ახლა 9 პარტია თანაბრად არის წარმოდგენილი, რაც უზრუნველყოფს კომისიებში პარტიების ურთიერთკონტროლს
- საუბნო საარჩევნო კომისიის 29 000 პროფესიული წევრიდან 99.9 % არჩეულ იქნა ოპოზიციის მონაწილეობით, რაც ადასტურებს საარჩევნო კომისიის მიმართ მრავალპარტიულ ნდობას.
- დაწესდა უბნებთან 100 მეტრიანი პერიმეტრი სადაც აკრძალულია მოქალაქეთა შეკრება, რაც უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს
- მოხდება უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა, რაც დათვლის შედეგების კონტროლთან ერთად, უზრუნველყოფს დარღევების პრევენციას.
- განხორციელდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ვიდეო-ფაილების ინტერნეტში ღია წვდომისთვის ატვირთვა, რაც ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს ნებისმიერი უბნის ვიდეოჩანაწერის მეშვეობით გადათვლის შესაძლებლობას.
- თბილისში, კრწანისის რაიონში, პილოტირებას გაივლის ბიულეტენების ელექტრონული მთვლელები, რაც სამომავლოდ, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლის მნიშვნელოვანი ეტაპია.
- და კიდევ ბევრი სხვა ცვლილება, რომელიც არავის მისცემს ამ არჩევნების შედეგების დისკრედიტირების შანსს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში