სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი შესრულდა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან შეკრება ოპოზიციის წარმომადგენლებმა თუ რიგითი მოქალაქეების ნაწილმა წუხელ დაიწყო. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას პოლიტიკოსები დღეს დილიდანაც გეგმავენ.
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.