უხვი ნალექის შედეგად ქობულეთის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა - სოფლებში კი მეწყრული პროცესები განვითარდა

16 სექტემბერი 2021, 20:25 2175 ნახვა

ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად აღმაშენებლის  და რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი დაიტბორა. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა, ასევე დაიტბორა კომერციული ფართები. რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.

მომატებულია მდინარე აჭყვის წყლის დონე, რამაც საცხოვრებელი სახლების და სასოფლო - სამეურნეო მიწების დაიტბორვა გამოიწვია.

"ქობულეთის წყლის" ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები და პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა.

აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. 

უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელში: დაგვა-ლაზისტანი, ბობოყვათი, კვირიკაული, კონცელიძეები, ზედა სამება, კახიძეების მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის ადგილას გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, შექმნილია სალიკვიდაციო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. 

"განვითარდა მეწყრული პროცესები. სოფელ ქვედა სამებაში საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლს, აღნიშნული ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ამ ეტაპზე მხოლოდ ჭახათის ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები მუშაობენ და მაქსიმალურად ეცდებიან უმოკლეს ვადაში მოხდეს ელექტრო ენერგიის აღდგენა.

რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას, ინტენსიური ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. ამ დროისათვის მერიის ცხელ ხაზზე 13 შეტყობინება შემოვიდა, ხდება შემთხვევების იდენტიფიცირება და ზიანის შესწავლა, შეიქმნა სალიკვიდაციო შტაბიც, მუშაობს ცხელი ხაზი", - აცხადებს მირიან ქათამაძე. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში